ეპიგრაფიკა — ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე (ქვა, ლითონი, ხე, მინა, ძვალი, კერამიკა...) შესრულებულ ძველ წარწერებს. ამგვარი წარწერები პირობითად ორ მთავარ ჯგუფად იყოფა, პირველში შედის მონუმენტური ხასიათის წარწერები (ქვაზე, კლდეზე, შენობის კედელზე, მემორიალურ დაფაზე, სვეტზე), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახელმწიფო დეკრეტებსა და კანონებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის იურუდიულ დოკუმენტებს, სახელმწიფო მეთაურთა სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური გამარჯვებების პროკლამაციებს, დიდ მშენებლობათა ქრონოლოგიას; მეორე ჯგუფში შედის წარწერები პრქტიკული დანიშნულების ნივთებზე, რომლებიც ასახავენ სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებას, ნივთების დანიშნულებას, მათი მფლობელის, ან ოსტატის ვინაობას.
საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ძირძველი ქართული მხარის მესხეთის მიწაზე, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა.
საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე, დასავლეთით მდგარი სამრეკლო. წმიდა საბას სახელობის ტაძარი XIII-XIV სს. მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება უკავშირდება სამცხის მმართველებად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას (XIII ს. ბოლოს).
ტაძრის კარიბჭის დასავლეთის სარკმლის ორივე თაღზე და მარჯვენა კედელზე საღებავით შესრულებული წარწერები იუწყება მისი ხუროთმოძღვრის შესახებაც. წარწერის მიხედვით ტაძრის მაშენებელი „ფარეზას ძე“ ყოფილა, ხოლო კეხის ქვაზე გამოსახული პირი, რომელსაც გონიო და ჩაქუჩი უჭირავს, თავად ფარეზ ხუროთმოძღვრად არის მიჩნეული.
ტაძრის დასავლეთის კედლის, კარის ტიმპანის და პატრონიკეთა განაპირა მრგვალი სარკმელების ირგვლივ არსებული ეპიგრაფიკული წარწერები იმ კერძო პირთა ვინაობას გვატყობინებს, რომელთაც გარკვეული მონაწილეობა მიუღიათ ეკლესიის მშენებლობაში, ან შეწირულობები შეუწირავთ. ეპიგრაფიკული წარწერების მრავალრიცხოვნების მიუხედავად ტაძრის აგების თარიღის შესახებ არაფერია უწყებული, თუმცა ქართლის ცხოვრების მიხედვით, საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძრის აგებას მე-13 ს. 80-იან წლების დასაწყისს მიაკუთვნებენ.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საფარის ტაძრის შიდა სივრცე წარმოადგენს, ერთი მხრივ ტრადიციების გაგრძელებას, ხოლო მეორე მხრივ, მასში ძალიან ბევრი რამ ახლებურადაა გადაწყვეტილი. ექსტერიერშიც დაახლოებით ასეთივე სურათია და სწორედ ეს მხარე ქმნის მას ეპოქალურ ტაძრად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის არც ერთი ფასადი მორთულობით გადატვირთული არ არის. ორიგინალური გადაწყვეტით კი აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა, რომლის პირდაპირი ანალოგია არ მოიძებნება. მისი დამახასიათებელი ნიშანი ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე არსებული სამი სარკმელია, რომელთაგან პირველი და მესამე ცენტრში არსებული მოზრდილი მაღალი სარკმლის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული.
საფარა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია.
No comments:
Post a Comment