გეოგრაფია


აბრაჰამ ორტელიუსი (Abraham Ortelius; 2 აპრილი, 1527 - 28 ივნისი, 1598), კარტოგრაფი და გეოგრაფი, საზოგადოდ აღიარებული, როგორც პირველი თანამედროვე ატლასის შემქმნელი.

დაიბადა ანტვერპენში, ამჟამად ბელგიაში. აუგსბურგში გავლენიანი ორტელიუსების ოჯახის წევრი, ის ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. განსაკუთრებით ცნობილია ჩვიდმეტ პროვინციაში მოგზაურობით; სამხრეთ, დასავლეთ, ჩრდილო და აღმოსავლეთ გერმანიაში (1560, 1575-76), საფრანგეთში (1559-60), ინგლისსა და ირლანდიაში (1576) და იტალიაში (1578 და სავარაუდოდ 1550 და 1558).

დამწყებმა რუკის გრავიორმა ანტვერპენის წმ. ლუკას გილდიაში დაიწყო მუშაობა, როგორც აფსეტერ ვან კარტენმა. მისი ადრეული კარიერა მეწარმეობასთან იყო დაკავშირებული და მის მოგზაურობათა უმრავლესობა 1560 წლამდე კომერციულ მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა 1560 წელს მერკატორთან ტრიერში, ლორნსა და პუატიეში მგზავრობისას მას ცნობისმოყვარეობა გაუღვივდა, მერკატორის ზეგავლენით, მეცნიერული გეოგრაფიისადმი. სწორედ ამის შემდეგ მიუძღვნა მან თავი, მისი მეგობრის რჩევით, ატლასის ან "მსოფლიოს თეატრის" (Theatrum Orbis Terrarum) შექმნას, რითაც მან შემდეგ სახელი გაითქვა.

1564 წელს ორტელიუსმა დაასრულა ე. წ. "mappemonde", რვაფურცლიანი მსოფლიოს რუკა, რომელიც შემდგომში გამოჩნდა შეკვეცილი ფორმით "თეატრშიც". ამ უნიკალური რუკის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ასლი დაცულია ბაზლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (cf. Bernoulli, Ein Karteninkunabelnband, Basle, 1905, გვ. 5). მან ასევე გამოაქვეყნა ეგვიპტის ორგვერდიანი რუკა 1565 წელს, ნიდერლანდის სანაპიროზე ბრიტენბურგის ციხესიმაგრის გეგმა 1568 წელს, აზიის რვაფურცლიანი რუკა 1567 წელს და ესპანეთის ექვსფურცლიანი რუკა მისი განთქმული მსოფლიოს ატლასის გამოცემამდე.
მსოფლიოს ატლასი [რედაქტირება]

1570 წელს (20 მაისს) გამოიცა ჟილს კოპენს დე დისტის მიერ ანტვერპენში ორტელიუსის Theatrum Orbis Terrarum (მსოფლიოს თეატრი), პირველი თანამედროვე ატლასი (53 რუკისგან შემდგარი). მისი სამი ლათინური გამოცემა (ჰოლანდიური, ფრანგული და გერმანული გამოცემების პარალელურად) გამოჩნდა 1572 წლამდე; ხოლო 1598 წელმს ორტელიუსის გარდაცვალებამდე სულ ოცდახუთი გამოცემა დაიბეჭდა. შემდეგ კიდევ სულ რამდენიმე გამოცემა დაიბეჭდა, ვინაიდან 1612 წლამდე ამ ატლასზე დიდი მოთხოვნა იყო. რუკათა უმრავლესობა რეპროდუქციები უნდა ყოფილიყო (პირველ თეატრუმში 87 ავტორის სახელია მოყვანილი, რაც 183-მდე გაიზარდა 1601 წელს გამოშვებულ ლათინურ ვარიანტში), და მათში მრავალი შეცდომაა გაპარული. შეცდომები იყო როგორც ზოგად რუკებში, ისე დატალებშიც; ასე მაგალითად, სამხრეთ ამერიკა თავდაპირველად სრულიად შეუსაბამო ფორმისაა პირველ გამოცემაში, მაგრამ გასწორებულ იქნა 1587 წელს ფრანგულ ვარიანტში, ხოლო შოტლანდიის რუკაზე გრამპიანსი მდებარეობს ფორტსა და კლაიდს შორის. თუმცა ზოგადად, ეს ატლასი მისი თანმხლები ტექსტითურთ საუცხოო ერუდიციისა და შრომის ნიმუშია. მისი წინამორბედი და პროტოტიპი იყო ოცდათვრამეტი რუკის კოლექცია, რომელშიც შედიოდა ევროპის მიწები, აზია, აფრიკა, თათრეთი და ეგვიპტე. ეს რუკები შეკრებილი იყო ორტელიუსის მეგობრისა და პატრონის ჟილს ჰოოფტმანისა და მისი აგენტების მიერ. მათი უმრავლესობა რომში იყო დაბეჭდილი, და მხოლოდ ცხრა მათგანი იყო ბელგიაში შექმნილი.