Wednesday, October 27, 2010

ფერნან ბროდელი

დაიბადა 1902 წელს. 21 წლამდე სწავლობდა პარიზის უმაღლეს სასწავლებლებში. 1924–1932 წლებში ასწავლიდა ალჟირში, ხოლო 1935–1937 წლებში სან–პაულოს უნივერსიტეტში. 1937 წელს ბრუნდება პარიზში და ხდება უმაღლეს გამოკვლევათა პრაქტიკული სკოლის დირექტორი. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანელთა ტყვეობაში, სადაც, ერთი ვერსიით, ყოველგვარ ბიბლიოთეკებსა და არქივებს მოკლებულმა, საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით დაწერა ნაშრომი: ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვისპირა სამყარო ფილიპე II-ის ეპოქაში, რომელიც 1947 წელს დისერტაციად იქნა დაცული, ხოლო 1949 წელს წიგნად იქნა გამოცემული. 1949 წლიდან ხდება კოლეჯ დე ფრანსის პროფესორი და თანამედროვე ცივილიზაციათა კვლევის კათედრის გამგე. ლუსიენ ფევრის გარდაცვალების შემდეგ 1956 წელს გახდა ჟურნალის ანალები, ეკონომიკა, საზოგადოებები, ცივილიზაციები მთავარი რედაქტორი, რომელიც დატოვა 1970 წელს თანამშრომლებთან უთანხმოების გამო. 1970 წელს გამოვიდა მისი ნაშრომი ისტორია და სოციალური მეცნიერებები, დიდი ხანგრძლივობის დრო, 1963 წელს ცივილიზაციათა გრამატიკა, ხოლო 1979 წელს მატერიალური ცივილიზაცია, ეკონომიკა და კაპიტალიზმი XVI-XVII საუკუნეებში (სამ ტომად); 1984 წელს გახდა საფრანგეთის აკადემიის წევრი. სიცოცხლის ბოლო პერიოდში მუშაობდა მრავალტომიან ნაშრომზე საფრანგეთის თვითმყოფადობა, რომლის დასრულება ვერ შეძლო და 1986 წელს მხოლოდ ორ ტომად გამოქვეყნდა.

ფრანსუა, ვოლტერი

ფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოიჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით. 1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას "ფერნეის პატრიარქსაც" შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.


             ფილოსოფია

ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენს, ლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგული სინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგრამტურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის - "აკეთე სიკეთე"! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.
ფილოსოფიური ზღაპრები

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტის შემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.
ზადიგი ანუ ბედისწერა, 1747
მიკრომეგასი, 1752
კანდიდი ანუ ოპტიმისტი, 1759
მიამიტი, 1767
ბაბილონის პრინცესა, 1768
დრამატურგია [რედაქტირება]

ვოლტერის ბიუსტი, 1778, ჟან ანტუან ჰუდონი

ვოლტერი თავის ლიტერატურულ კარიერას იწყებს 1718 წელს პიესით ოიდიპოსი და ამთავრებს ასევე დრამატული ნაწარმოებით, ირენი, რომლის წარმოდგენაზეც იმყოფებოდა სიკვდილის წინა დღეს. იგი ხშირად თავადვე თამაშობდა თავის პიესებში. ვოლტერი სიცოცხლეში სწორედ დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის თეატრმა, თუმცა ამავდროულად კლასიცისტური ტრადიციის ერთგულიც რჩება. მისი აზრით ინგლისურ თეატრს აკლდა ფრანგული დახვეწილი სტილი, სიწმინდე, რეგულარობა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა უპირატესობაც - მოქმედება. ამიტომ ვოლტერის ნაწარმოებებში შენარჩუნებულია კლასიცისტური სტილი ,მაგრამ გაძლიერებული, გამრავლებულია მოქმედება, გართულებულია ინტრიგა. იმისათვის, რომ ეფექტი და მაყურებლის თანაგრძნობა გააძლიეროს ვოლტერი ამრავლებს დეკორაციებს, სხვადასხვა ეროვნებების პერსონაჟებს, შემოაქვს ლოკალური ფერი, პათეტიკურობა, და მელოდრამატული ეფექტები და ყოველივე ამით ტრაგედიას აქცევს დრამად. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა ტრაგედიამ მაჰმუდი, სადაც ადვილი შესაცნობია ცრუ წინასწარმეტყველი და ამის სასფუძველზე რელიგიის კრიტიკა, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ვოლტერს უსაყვედურებენ ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. ვოლტერმა შექმნა ასევე ნაციონალური ტრაგედია, ადელაიდა დიუ გეკლენი , რაც მართლაც სიახლე იყო.
ოიდიპოსი, 1718
ბრუტუსი, 1730
ზაირი, 1732
მაჰმუდი, 1742
მეროპე, 1743
სემირამისი, 1748
ჩინელი ობოლი, 1755
ირენი, 1778

ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (Niccolò di Bernardo dei Machiavelli) (დ. 1469 — გ. 1527) - რენესანსის დროინდელი იტალიელი მოღვაწე. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ–სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. მისი წიგნი „მთავარი,“ (The Prince), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველს სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორგიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა.

ნიკოლო მაკიაველის ბიუსტი

მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა.

მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.

გარდა "მთავარისა", მაკიაველის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია "ფლორენციის ისტორია" და "მსჯელობა ტიტუს ლივიუსზე"

ტ ი ტ უ ს ლ ი ვ ი უ ს ი

ტიტუს ლივიუსი დაიბადა პატავიაში (პადუა) შეძლებულ ოჯახში. 28 წლის ასაკში იგი ჩავიდა რომში სადაც მიიღო კარგი განათლება და დაკავდა ისტორიით, ფილოსოფიით და რიტორიკით. მიუხედავად იმისა რომ იგი ოქტავიანეს მეგობარი იყო, ლივიუსი არ იღებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან მიუძღვნა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებს. ცხოვრების მიწურულს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გარდაიცვალა 17 წელს.
ნაშრომები [რედაქტირება]

ლივიუსმა სახელი გაითქვა თავისი ფუნდამენტალური ნაშრომით "რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან" - "Ab urbe condita" 142 წიგნად. ამ წიგნებზე მუშაობა მან ძვ. წ. 27 წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. სამწუხაროდ მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან (ძვ. წ. 753) ავგუსტუსის გერის დრუზუსის სიკვდილამდე (ძვ. წ. 9). სრულიად შემოინახა 35 წიგნი, I-X წიგნები, ანუ პირველი დეკადა, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან ძვ. წ. 293 წლამდე, XXI—XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია ძვ. წ. 218 წლიდან, ანუ მეორე პუნიკური ომიდან ძვ. წ. 167 წლამდე, ანუ მესამე მაკედონიის ომამდე, ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც სერტორიუსთან ომია აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც ციცერონის სიკვდილზეა საუბარი.

არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 - ძვ. წ. 25 წლებში, IX წიგნი დაიწერა ძვ. წ. 20 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.

ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოვებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემული თხზულებებიდან პერიოქები არის.

ლივიუსი თავის ნაშრომებში უფრო ადრინდელ ისტორიკოსებს ეყრდნობოდა (უმცროსი ანალისტები): ლუციუს ელიუს ტუბერონუსს, გაიუს ლიცინიუს მაკრუსს, ვალერიუსს ანციუმიდან, ფაბიუს პიქტორს, კალპურნიუს პიზონს, კლავდიუს კვადრიგირიუსს და პოლიბიუსს.

ლივიუსის მიერ გადმოცემული ფაქტები იმდენად სანდოა, რამდენადაც მისი წყაროები. თვითონ იგი აკრიტიკებს რომის დაარსების ტრადიციულ ლეგენდას და გვთავაზობს ისტორიულად უფრო მისაღებ ვერსიას.

ლივიუსის ნაშრომი გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით. იგი ახდენს წარსულის იდეალიზაციას და გმობს მისი თანამედროვეების მორალურ და ზნეობრივ დაცემულობას. მისი ასეთი სულისკვეთება და მორალიზმი ავგუსტუსის პოლიტიკას კარგად შეეფერებოდა. ლივიუსი აქცენტს აკეთებს ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე, მათ გმირობებზე და მორალურ თვისებებზე. დაწვრილებით აღწერს მათ საქმიანობას და გადმოსცემს მათ სიტყვით გამოსვლებს. ეს სიტყვები ძალიან კარგადაა დამუშავებული ლივიუსის მიერ. ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში 400 წარმოთქმულ სიტყვას ვხვდებით.

ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება ციცერონისას.

ლივიუს ასევე ეკუთვნის ჩვენამდე არ მოღწეული ისტორიულ-ფილოსოფიური დიალოგები და რიტორიკული ნაწარმოები, რომელიც შვილისადმი წერილის ფორმითაა მოცემული. მათში იგი ალბათ თავის კრედოს გადმოსცემდა. ბერძნული ავტორებიდან იგი დემოსფენეს სტილს მიიჩნევდა საუკეთესოდ, ხოლო რომაელებიდან ციცერონისას.

ლივიუსი აგრეთვე ითვლება ალტერნატიული ისტორიის ფუძემდებლად. მან აღწერა ალექსანდრე მაკედონელის და რომაელების ბრძოლის შესაძლებლობა, მაკედონელს რომ უფრო მეტხანს ეცხოვრა.

ქრონოლოგიურად ლივიუსი წარმოადგენს კლასიკურისა და ეგრეთ წოდებული ვერცხლის ხანის ლათინურს შორის გარდამავალ ეტაპს.

ლივიუსმა სწრაფად მიაღწია წარმატებას, მის ნაშრომებს ძალიან დადებითად აფასებდნენ სენეკა უფროსი, სენეკა ფილოსოფოსი, კვინტილიანუსი და პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი.

Friday, October 1, 2010

ეგვიპტური იეროგლიფები

ეგვიპტური იეროგლიფები — ნიშნები ძველეგვიპტური დამწერლობისა, რომლებიც ძველი ეგვიპტური ენის ჩასაწერად გამოიყენებოდა. ეგვიპტური ნიშნები თავდაპირველად წმინდა იეროგლიფური ხასიათისა იყო (ერთი სიმბოლო მთლიან სიტყვას აღნიშნავდა), დროთა განმავლობაში კი დამწერლობა შეივსო თანხმოვნების აღმნიშვნელი სიმბოლოებითა და დამატებითი, დამხმარე ნიშნებით. დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 3200–დან ახ. წ. 300–მდე ეგვიპტესა და ნუბიაში. ეგვიპტურ იეროგლიფებს იყენებდა ასევე პტოლემეური ეგვიპტური ენა. შედგებოდა ფონოგრამების (ცალკეული ბგერების სიმბოლოები), დეტემინატივებისა (დამხმარე ნიშნები) და იდეოგრამებისაგან (მთლიანი სიტყვის სიმბოლო). თავდაპირველად სიმბოლოთა რაოდენობა დაახლოებით 700–ს შეადგენდა, ბერძნულ–რომაულ ხანაში კი მათი რიცხვი 7000–მდე გაიზარდა. იეროგლიფთა რაოდენობით ეგვიპტური დამწერლობა ერთ–ერთი უმდიდრესია. ჩვეულებრივი ანბანებისაგან განსხვავებით, ეგვიპტური იეროგლიფების თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ იყო; სავარაუდოდ მხოლოდ გვიანი პერიოდის ხანაში უნდა გაწყობილიყო რამდენიმე თანხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი ანბანურ რიგზე, რომელიც ძალიან გავს, სხვა, იმდროინდელი სამხრეთსემიტური დამწერლობების ანბანურ წყობას.

შუმერები

შუმერები ერი რომელმაც შექმნა შუმერული ცივილიზაცია სამხრეთ მესოპოტამიაში. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები, სავარაუდოდ ისინი მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს აზიის ყველა ენის ანალიზი, მაგრამ შუმერული ენის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს, დღეს უცნობია ამ ენის მონათესავე ენები. შუმერების თვითდასახელებაა "შავთავიანები". შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ შუმერთა თავდაპირველ სამშობლოში არსებობდნენ "თეთრთავიანებიც", ანუ ღია ფერის თმის მქონე ხალხი. შუმერული არქიტექტურიდან და ენის ანალიზიდან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ისინი მთიანი რეგიონიდან გადმოსახლდნენ, ამავე დროს ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ, რაც ასევე გვაფიქრებს რომ ისინი ზღვისპირა რეგიონიდან იყვნენ, ამაზე მათი მითოლოგიაც მიუთითებს. ზოგი მოსაზრებით შუმერები ზღვით მოვიდნენ შუამდინარეთში. მეტად სავარაუდოა, რომ შუმერები სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან შუამდინარეთის სამხრეთში დასახლების შემდეგ მათ ჩრდილოეთით დაიწყეს ექსპანსია.

შუმერული ენა - შუმერების ენა, რომელზეც საუბრობდნენ სამხრეთ მესოპოტამიაში ძვ. წ. IV ათასწლეულში. დაახლოვებით ძვ. წ. XX საუკუნეში შუმერული შეცვალა აკადურმა ენამ და იგი მხოლოდ ქურუმების სარიტუალო და მეცნიერულ ენად დარჩა. საბოლოოდ შუმერული ენა ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს გაქრა.